ENG GEO

Search form

მარიამ კობერიძე

ჭეშმარიტი არჩევანის ფორმულა

18.04.2021

საინტერესოა, როდის არ ვცდებით, როცა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ჩვენი არჩევანის ნაყოფს ვუწოდებთ, თუმცა ამ საკითხზე ფიქრის დამოუკიდებლად დაწყება მარტივი საქმე არ უნდა იყოს, ამიტომ, შეზღუდული მოტივაციის პირობებში კარგი იქნებოდა ვიღაცას ჩვენთვის არჩევანის ჭეშმარიტი კრიტერიუმების დადგენა მოენდომებინა. მაგალითად არისტოტელეს. რატომაც არა. ნიქომაკეს ეთიკაში ეს საკითხი ხომ დეტალურად არის მოწესრიგებული, თუმცა ეს  რა თქმა უნდა For a particular purposes. არავინ გამორიცხავს, რომ ვიღაცამ კი არა რაღაცამ შეიძლება გვიბიძგოს შემეცნებისკენ, მაგალითად, ჩვენ მიერ ,,არჩეულმა’’ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იმდენად უვარგისი აღმოჩნდა, რომ დანაშაულის შეგრძნება და რაღაც მსგავსი ეჭვი გაგვიჩინა გონებაში -  ,,ნუთუ მართლა ვექვემდებარებოდი იმ საბედისწერო დღეს აზროვნებასა და განსჯას?’’.

აზროვნება და განსჯა. ეს უკვე არისტოტელეს გავლენებია, რადგან ორი უმთავრესი კრიტერიუმი, რომლითაც არჩევანის ნამდვილობას ვაფასებთ სწორედ აზროვნება და განსჯა გახლავთ, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მინდა რომ არისტოტელეს მიერ შემოთავაზებული კრიტერიუმები თანმიმდევრულად ჩამოგითვალოთ.

,,არჩევანი უნდა იყოს ნებაყოფლობითი რამ...’’ გვეუბნება არისტოტელე. ,,ნებაყოფლობითს’’ კი უწოდებს ისეთ ქმედებას, რომლის საწყისი მიზეზი თვით მოქმედ სუბიექტშია და რომელმაც იცის მოქმედების ყველა წვრილმანი. თუმცა ეს ცნება და ამ კრიტერიუმის, არსებობა ბევრს არაფერს არ გვეუბნება, რადგან თავად ნებაყოფლობითობაც უნდა იყოს კონკრეტულად რაღაცგვარი რომ მისით არჩევანის დახასიათება შეგვეძლოს.

ნებაყოფლობითობა ორგვარია - წინასწარ განზრახვული და წინასწარ განუზრახველი. ჩვენ კი არჩევანის დასახასიათებლად პირველი სახის ანუ წინასწარ განზრახვული ნებაყოფლობითობა გვჭირდება და თუ რატომ, ამას ადვილად გავიგებთ იმაზე ხაზგასმით თუ რასთან აკავშირებს არისტოტელე წინასწარ განუზრახველ ქმედებას - ,,ჩვენი აზრით წინასწარ განუზრახველი ქმედება გამოწვეულია ან უცოდინარობით, ან იძულებით’’, არჩევანი კი როგორც აზროვნებისა და განსჯის ნაყოფი შეიძლება კი ეფუძნებოდეს რომელიმე მათგანს?

გონიერება და განსჯა ზედმეტია იქ, სადაც იძულებას აქვს ადგილი. მაგალითად, როდესაც ძლიერი ქარი, სივრცეში გადაგვაადგილებს გონიერება და განსჯა სრულიად გამოუსადეგარია, რაც ანალოგიურად ვრცელდება სხვა ნებისმიერი სახის იძულებაზეც.

იგივე ითქმის მეორე მახასიათებელზეც. როდესაც ადამიანი რაიმეს უცოდინარობაზე დაყრდნობით აკეთებს მოქმედების პროცესში არ არის უკმაყოფილო აქედან გამომდინარე თითქოს იქ, სადაც საკუთარ ქმედებაში ეჭვის შეტანის საჭიროება არ ჩნება , არ ჩნდება არც გონიერებისა და განსჯის უნარის მოხმობის საჭიროება. ეს არისტოტელეს აზრია, რაც ჩემთვის მეტ ნაკლებად არის გასაგები. კერძოდ, არ მესმის რატომ არის გამორიცხული, რომ უცოდინარობაზე დაყრდნობით მოქმედებისას ადამიანი იქნებ უკმაყოფილო იყოს?! მე შესაძლოა ვიაზრებდე იმას, რომ გარკვეულ საკითხში ცოდნა არ გამაჩნია და გადაწყვეტილების მიღებისას ეს დიდ დისკომფორტს მიქმნიდეს. მაგალითად, ის  ფაქტი, რომ პროფესიის არჩევისას არ ვიცით თუ რომელი ფაკულტეტია ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მე გადაწყვეტილების მიღებისას უკმაყოფილო არ ვარ.

დავუჯეროთ არისტოტელეს და დავუშვათ, რომ არჩევანის ნამდვილობისთვის უმთავრესია ნებაყოფლობითობის, ოღონდ წინასწარ განზრახვული ნებაყოფლობითობის არსებობა.  ახლა შეგვიძლია სხვა პრობლემურ საკითხებიც გადავჭრათ, რომლებიც არჩევანის ჩვენებური განმარტებისგან კიდევ ბევრ ელემენტს ამოაკლებს. ამისთვის დავსვათ შეკითხვა, რამდენად შეიძლება უცაბედი მოქმედება იყოს ჩვენი არჩევანის ნაყოფი?  სხვაგვარად რომ ვთქვათ რამდენად შეიძლება უცაბედი მოქმედება იყოს როგორც ნებაყოფლობითი ასევე წინასწარ განზრახვულიც?!

არისტოტელეს პასუხი ამაზე ცალსახაა. იგი უცაბედ მოქმედებას უწოდებს ნებაყოფლობითს მაგრამ არა წინასწარ განზრახვულს. იგივეს ამბობს თავშეუკავებლობასა და ძლიერ ვნებაზეც. ამიტომ, თუ კი რომელიმე მათგანი გვიბიძგებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ ვერ ვიტყვით რომ ეს ნაბიჯები ჩვენი არჩევანის ანუ ჩვენი გონივრული განსჯისა და შეფასების საგანს წარმოადგენდა.

იგივე ითქმის ჩვენს სურვილებზეც. შესაძლოა, გვსურდეს წარმატებული კარიერა, საზოგადოების სრულფასოვანი წევრობა, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ან სულაც ცხელი შოკოლადი ზამთრის ცივ დილას თუმცა, არასწორი იქნება თუ კი ვიტყვით, რომ ეს ჩვენი არჩევანია რამე თუ ისინი ,,ეხება უშუალოდ მიზანს არა თუ მიზნის განხორციელებას.’’

საბოლოო ჯამში არისტოტელეს ფორმულა არჩევანის დადგენისთვის შემდეგ სახელმძღვანელო წესებს გვთავაზობს: 1. ქმედება უნდა იყოს ნებაყოფლობითი, 2. ნებაყოფლობითობა უნდა იყოს წინასწარ განზრახვული. რაც შეეხება ელემენტებს, რომელიც აშკარად არ ესადაგება არჩევანის არსს, მრავალია. მაგალითად, ვნება და ძლიერი სურვილი, რომელთაგან თოთოეული მაინც დასახელებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს რომ დამოუკიდებლადაც შეგვიძლია ზოგიერთი ჩვევა ან ზოგიერთი ქმედება არჩევანის არსს ჩამოვაშოროთ.  

 

 

ანი სილაგაძე

დაბადებასა და გარდაცვალებას შორის უწყვეტი ჯაჭვია... სახელმწიფო და კანონიც სწორედ ამ მოვლენებს შორის არსებობს, თავისუფლება? ,,თავისუფლება გმირთა ხვედრია“

17.04.2021

ადამიანები მოკვდავი არსებები ვართ, ეს აქსიომაა, რაც გულისხმობს იმას რომ ჩვენ ვარსებობთ დროის შეზღუდულ მონაკვეთში. მაგალითად მე 2001 წელს დავიბადე, არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად გარდავიცვლები და ჩემი ხორციელი არსებობაც იმ დღეს შეწყდება. უცნაურია ალბათ ის რომ ეს ბლოგი სახელმწიფოს, თავისუფლებასა და კანონს ეთმობა მე კი საუბარი ჩემი არსებობით, სიცოცხლისა და  სიკვდილის ჭიდილით დავიწყე. მაგრამ რეალურად ყველაფერლი ძალიან მარტივია, რადგან კანონის სუბიექტი მანამ ვარ სანამ ცოცხალი ვარ, შესაბამისად სახელმწიფოს ნაწილადაც სიცოცხლეში ვითვლები.

ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი ადამიანთა თანაარსებობას, როცა მათთვის ერთადერთი დაუწერელი კანონი სიკვდილი იყო, ომის მდგომარეობას უწოდებს. ამ დროს ინდივიდები არიან ერთმანეთის პირისპირ, რომლებსაც კონფლიქტის წარმოსაშობათ სამი ძირითადი ელემენტი გააჩნიათ. ესენია :

  1. შეჯიბრი, რომელიც ადამიანებს უბიძგებს მომხვეჭელობისკენ.
  2. შიში, რომელიც უბიძგებს ადამიანებს თავდაცვისკენ.
  3. პატივმოყვარეობა, რომელიც უბიძგებს ადამიანის  საკუთარი პიროვნების, სახელის დაცვას.

იმავე ავტორი ამბობს, რომ მშვიდი ცხოვრებისთვის დათმეს ადამიანებმა თავისუფლების ამგვარი ფარგლები და ლევიათანის, მოკვდავი ღმერთის, ხელით მიიღეს მშვიდობა. მე ვიზიარებ მის ამგვარ ახსნას სახელმწიფოებრიობის მიღების საკითხში, მაგრამ მგონია რომ ლევიათანის მეშვეობით არა სასურველი შედეგი, არამედ ახალი ომის მდგომარეობა მივიღეთ. არისტოტელე როცა გვესაუბრება სახელმწიფოს მოწყობის დემოკრატიულ ან ოლიგარქიულ წესწყობილებაზე ის საუბრობს ადამიანთა თანასწორობის დარღვევის გარდაუვალ მომენტებზე, რაც იწვევს აჯანყებებს. კერძოდ, ჰობსის მიერ მოყვანილ კონფლიქტის სამ ძირითად ელემენტზე ამახვილებს ყურადღებას:

  • შეჯიბრი - როცა მიტილენში მემკვიდრე ქალების გამო ატყდა ჩხუბი, რომელიც დასაბამი გახდა ათენელების წინააღმდეგ ომის.
  • შიში - ამრაკიაში დემოსის მიერ შეთქმულებთან ერთად ჩამოგდებული ტირანი პერიანდრე, რომლის შემდეგაც თვითონ დაეპატრონა ხელისუფლების სადავეებს.
  • პატივმოყვარეობა - დელფოსში მომხდარი ქორწინების უთანხმოება. როცა სასიძო აღარ მივიდა საცოლის მოსაყვანად, შეურაცხყოფილმა საცოლის ნათესავებმა სასიძოს მიუყარეს ტაძრის საგნები და ის მოკლეს, როგორც ტაძრის მძარცველი.

შესაბამისად არისტოტელეს მიერ მოყვანილი არგუმენტები მიმყარებს აზრს, რომ ლევიათანი მშვიდობას ვერ დაამყარებს, ამისთვის საჭიროა სპეციალური მექანიზმი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული პიროვნულ ნებაზე და იქნება საყოველთაო. ანუ ადამიანთა თანაარსებობის მომაწესრიგებლად საჭიროა შემოვიღოთ ქცევის ზოგადი წესი, რომელიც თითოეულს თანაბრად მიესადაგება და თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს, სწორედ ისეთ, როგორიცაა კანონი. კანონი, რომელიც მიიღება დემოკრატიული გზით და რომელიც დაიცავს ყველა ინდივიდის უფლებას თანაბრად.

ომის მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, ჩვენში მოჭარბებული შეჯიბრის, შიშისა და პატივმოყვარეობის გრძნობების სწორი მართვა უნდა ვისწავლოთ და თითოეული ისე უნდა გამოვავლინოთ, რომ სხვა არ დავაზიანოთ. ამისთვის კი კანონია საჭირო, რომელიც გვაჩვენებს გზას როგორ მივაღწიოთ მიზანს ისე რომ საერთო კეთილდღეობა არ დავაზიანოთ.

რაც შეეხება თავისუფლებას, თუ თავისუფლება კანონიერების ფარგლებშია მოქცეული ითვლება კი თავისუფლებად? თუ თავის უფლებაა აკეთოს რაც თავად უნდა მაშინ რანაირად არსებობს კანონიერება ამ პირობებში? და თუ საერთოდ არსებობს თავისუფლება ის ყოფიერ სამყაროში როგორ არსებობს, რადგან აქ ხომ ყველაფერი წარმავალი და ლიმიტირებულია, თავისუფლება კი რომ არსებობდეს თავისუფლება თავისუფლების ფარგლებში უნდა იყოს და არა კონკრეტულ პერიოდში. ამიტომ ჩემი აზრით თავისუფლება არ არის მოთავსებული სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, სად არის და რა ფორმით  არ ვიცი, თუმცა თუ ვინმე თვლით რომ თავისუფალი ადამიანი ხართ, მომილოცავს, რადგან ,,თავისუფლება გმირთა ხვედრიაო“.

ელენე მახარაძე

სად გადის მკრთალი ხაზი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის

17.04.2021

ადამიანები ისწრაფვიან სრულყოფისაკენ, ამ გზაზე კი მათ სურთ, რომ ჰქონდეთ არჩევნის გაკეთების უფლება, უფლება განაგონ თავისი ქონება, შრომა და მისი შედეგები, თუმცა ცხადია, ცალკეული ინდივიდი მარტო აღებული ვერ უზუნველყოფს ამ ყოველივეს, შესაბამისად, ისტორიული წარსულიც მოწმობს, რომ იგი უკეთ რეალიზდება სხვებთან თანაცხოვრებისას. თუმცა საზოგადოებრივი ცხოვრება წარმოუდგენელია გარკვეული შეთანხმებების გარეშე, რამდენადაც, ყოველთვის არსებობს ზოგადი და აბსტრაქტული პრინციპები მაინც, რითიც ისინი საერთო მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. გონიერი ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებასთან ერთად კი, რა გასაკვირია, რომ არაცნობიერმა ამგვარმა ჩვევებმა თუ დანაწესებმა, მკაფიო ფორმულირება შეიძინა, შესაბამისად, ჩამოყალიბდა რა სხვადასხვაგვარი დაჯგუფებები “ქაოსის” თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანი გახდა ზოგადი ქცევის წესების შემუშავება, რომელიც კანონების სახით ჩამოყალიბდა.

ნიშანდობლივია, რომ თითოეული ადამიანი, დაბადებიდანვე, თავისდაუნებურად, ხდება გარკვეული საზოგადოების წევრი, რომელშიც ის  რეალიზება.  ამავდროულად პიროვნებას უწევს დაექვემდებაროს და მოექცეს იმ ჩარჩოებსა თუ ფარგლებში, რომელიც ამავე სოციუმშია შემუშავებული. რაც გულისხმობს, რომ ადამიანს, როგორც სოციალურ ცხოელს, საზოგადოებაში თანაცხოვრებისას უწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. მას ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობები და მოვალეობები სწორედ იმიტომ, რომ იგი დაიბადა ადამიანად, რომელიც თავის მხრივ საზოგადოების ნაწილია. იმ საზოგადოებისა, რომელშიც კანონის არსებობა აუცილებელია, რათა უფრო მარტივად მოხდეს კერძო - ინდივიდუალურ სიკეთეების რეალიზება, ასევე საჯარო - საერთო კეთილდღეობის მიღწევა. თუმცა რა საკვირველია, რომ ამგვარი საზოგადოებრივი ცხოვრებაც, რომელიც მიმართული იქნება შექმნას ინდივიდთათვის უსაფრთხო და მშვიდოებიანი გარემო, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა რეალიზდეს, საზოგადოებრივი ცხოვრებაც უნდა იგებოდეს გონივრულ და რაციონალურ საწყისებზე, ისეთზე სადაც ადამიანიანს ექნება მორალური არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა და ამავდროულად უზენაესი კანონი იქნება სამართლიანი და თანასწორი. ამრიგად, თითქოს ერთობ შემზღუდავი კანონი და ამ წესებს მორჩილება, იქნება ერთადერთი მყარი საშუალება თავისუფლებისა და სამართლიანობის მიღწევისა. ეს უკანასკნელი კი არ ჩაერევა მოქალაქეთა საქმეებში გარდა იმ შემთხვევებისა თუ არ შეექმნება საყოველთაო კეთილდღეობას საფრთხე. 

ჩნდება კითხვა სწორედ იმაზე, თუ რა შემთხხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად კერძო ინტერესების შეზღუდვა? არის თუ არა რაციონალური ის, რომ კანონის ძალით პიროვნებამ დათმოს საკუთარი ინტერესები და ეს უკანასკნელი ხომ არ წარმოშობს გარკვეულ უთანასწორობას, რამდენადაც, კანონი დაგვავალდებულებს სამართლიანობის მიღწევად გარკვეულ შემთხვევაში საკუთარი პრიორიტეტები დროებით გვერდზე გადავდოთ. სწორედ აქ შეიძლება თავის მხრივ წარმოჩნდეს წინააღმდეგობა, რომელიც კერძო და საჯარო ინტერესების დაპირისპირებაში გამოიხატება. რამდენადაც, ხშირია შემთხვევა, როდესაც საჯარო სიკეთის რეალიზება თითქოს უპირისპირდება პირის ინდივიდუალურ კეთილდღეობას, შესაბამისად, ერთი შეხედვით, პიროვნებას უწევს გარვეულ მსხვერპლზე წასვლა იმისათვის, რომ საერთო კეთილდღეობა იქნას მიღწეული. შესაბამისად, ადამიანს საკუთარი ცხოვრების მანძილზე შესაძლოა მოუწიოს საკუთარი ინდივიდუალობის დათრგუნვა საზოგადოებრივისათვის. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი გარკვეული მიმართულებების დასახვა იმისათვის, რომ დავინახოთ ის მკრთალი ზღვარი რომელიც გადის ამ ორ უკანასკნელს შორის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ თუ რას მოიაზრებს საკუთარი არსით კანონის ამ გაგებით ეს ორი უკანაკნელი. პირველ რიგში, ნიშანდობლივია, გავიაზროთ ის, რომ კერძო და საჯარო ინტერესი არ არის ერთმანეთის საპირისპირო რამ, შესაბამისად, ერთის შეზღუდვა არ იწვევს მეორეს უპირატესობას და პირიქით, კერძო და საჯარო ინტერესები განსხვავებული ცალკემდგომი ცნებებია. მეტიც, კერძო ინტერესი პირის კონკრეტული ხასიათისაა, და შეგვძილია ფორმალურად ვუწოდოთ ის სარგებელი, რომელსაც ესა თუ ის პიროვნება იღებს საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობისას, ცალკეული ქმედებებიდან. განსხვავებით საზოგადოებრივი ინტერესისა, რომელიც უფრო აბსტრაქტული იდეაა და რომელიც ამავდროულად ყველაზე თანაბრად ვრცელდება, ეს უკანასკნელი უფრო ზოგად ხასიათს ატარებს და არ შეიძლება იყოს შეფარდებითი, შესაბამისად, საზოგადოების გაკრვეული ნაწილისთვის სარგებლის მომტანი იყოს, სხვას კი აზიანებდეს. თუ ამ ყოველივეს სამართლიანობის იდეის მაგალითზე განვიხილავთ, უკეთესად დავინახავთ, რომ ეს სიკეთე შეიძლებელი ერთ ინდივიდზე უფრო მეტად გავრცელდეს ვიდრე სხვაზე, განსხვავებით კერძო სიკეთისაგან, რომელიც შეიძლება როგორც აღვნიშნეთ სარგებლიანობის მომტანი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყოს. 

სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ კანონის ძალით მიღებული რაიმე წესი შესაძლოა ერთი ადამიანის კერძო ინტერეს ზღუდავდეს საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, მაგალითად, გადასახადების დაწესებით საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს უწევდეს დათმოს გარკვეული კერძო ინტერესები და მეტიც, მოიკლოს გარკვეული ასპექტები მისი პიროვნული განვითარების გზაზე, იმისათვის, რომ პირობითად ეს თანხა მოხმარდეს საჯარო ინტერესს, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი სარგებელი ამ უკანასკნელს, რომელიც დათმობაზე მიდის არ მიანიჭოს, არ გულისმხობს რომ კანონის ძალით, სამართლიანობის ცნება ფარდობითი ხდება, და სხვათა კეთილდღეობის მიღწევა ყოველთვის მეორე ნაწილის მსხვერპლზე წასვლას მოითხოვს ან პირიქით. მეტიც, სამართლიანობის იდეა არც გარკვეულ “ინდივიდუალურ მახასიათებლებს” მოიტოვებს ყურადღების მიღმა. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სამართლიანობის ცნება თავის თავად აბსოლუტურია, და ასეთია ყოველი საჯარო სიკეთეც შესაბამისად, პირს როგორც საზოგადოების წევრს შესაძლოა მოუწიოს გარკვეულ დათმობაზე წასვლა, თუმცა ეს მას მოეთხოვება როგორც საზოგადოების ნაწილს, სოციუმის წევრს, რომელიც იმის გამო, სწორედ რომ ის დაიბადა როგორც ადამიანი, რაციონალური არსება აკისრებს გარკვეულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, ეს მსხვერპლი კი არა მის კერძო ინტერესის შეზღუდვის ხარჯზე ხდება, არამედ ისევ იმას, ემსახურება რასაც, თავად ისახავს ინდივიდი უფრო ფართო სურათში როგორც საზოგადოების წევრი, სადაც  იმგვარი იდეალების მიღწევას როგორიც არის ჰარმონიული თანაცხოვრება, მშვიდობა, უსაფრთხოება, თავისუფლება, საკუთრების დაცვა თუ სხვა, განუყოფელი ნაწილია ყოველდღიურობის.

 

 

 

 

შიო ბერიძე

ბუნებით უფლებებზე დაფუძნებული კანონმდებლობა — ინდივიდუალური თავისუფლებების გარანტი

17.04.2021

ბუნებითი სამართლის იდეა და კონცეფცია დამყარებულია იმაზე, რომ მსოფლიო იმართება ბუნებითი კანონების საშუალებით, რომლებიც აღმოჩენადია ადამიანის გონის მიერ. სწორედ აქ იღებს სათავეს ბუნებითი უფლებებიც, რომლებიც წარმოადგენს ადამიანის განუყოფელ, თანდაყოლილ უფლებებს. ბუნებითი სამართლისა და ბუნებითი უფლებების შესახებ მრავალ ცნობილ ფილოსოფოსს აქვს ნამსჯელი, მაგალითად, თომას აკვინელს, თომას ჰობსს, ჯონ ლოკსა და მათ შორის ისეთ ანტიკურ ფილოსოფოსსაც კი, როგორიცაა არისტოტელე. ბუნებითი სამართლის ფუნდამენტსა და წყაროს ზოგი ღმერთს, ნაწილი - ბუნებას (მორალს) ან ადამიანსვე აწერს, თუმცა მთავარი, რაც საჭიროა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ბუნებითი უფლებების უნიკალურობას წარმოადგენს მათი უნივერსალურობა, დამოუკიდებელი არსებობა ნებისმიერი კულტურისა თუ სახელმწიფოს ჩვეულებებისა და კანონებისგან. ეს გულისხმობს იმას, რომ ბუნებითი უფლებები აერთიანებს ყოველ ადამიანს განურჩევლად წარმოშობისა, რაზეც მისი დასახელებაც მიუთითებს, ვინაიდან ის მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა, მაგალითად, სიცოცხლისა და საკუთრების უფლებები, ასევე ისეთი უფლებებს, რომლებსაც აბსულუტურს ვუწოდებთ (მონობის, წამების აკრძალვა და სხვა). შესაბამისად, შეუძლებელია ადამიანების მიერ შექმნილი კანონმდებლობით (positive law) მოცემული უფლებების წართმევა მათი განუყოფლობისა და თანდოყოლილობის გამო, თუმცა შესაძლებელია ხელყოფა და დარღვევა.

როგორც უკვე ვახსენე, ბუნებითი უფლებები დამოუკიდებელია ქვეყნის კანონმდებლობისგან, რომელიც იქმნება ადამიანების მიერ (positive law), მეტიც, სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოები, მაგალითად, დასავლურ საზოგადოებებში და მათ შორის საქართველოშიც, აქეთ ცდილობენ სწორედ აღნიშნული უფლებები ასახონ საკუთარ კანონმდებლობაში და ასევე უზრუნველყონ ისინი. აქ იკვეთება ბუნებითი სამართლის მოძღვრება, კერძოდ, ადამიანის გონის მიერ მისი აღმოჩენადობა. ზოგი უფრო სიღრმისეულად წვდება მის არსს, ზოგი კი ნაკლებად. ფაქტი ერთია, რომ კანონმდებლობის ფუძეს წარმოადგენს ბუნებითი უფლებები, რომელთა კანონში აღბეჭვდასაც საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს. შედეგად, აღნიშნულზეა აგებული შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმებიც.

კანონმდებლობაში გვხვდება ნორმები და უფლებები, რომლებიც ატარებს ნეგატიურ ანდა პოზიტიურ ხასიათს. კანონის ხსენებისას თითქოს პირველად თავში მოგვდის მისი შემზღუდველი ხასიათი, თუმცა სწორედ მასშია ჩაბეჭდილი ნეგატიური ასპექტი, ანუ ადამიანის უფლება, რომ დაცული იყოს სხვისი ზემოქმედების შედეგად უფლების დარღვევისგან, რასაც გააჩნია დაცვის ფუნქცია. ამ შემთხვევაში მოიაზრება უფლების დაცვა არა მხოლოდ სხვა პირებისგან, არამედ თვით სახელმწიფოსგანაც, რაც ამ უკანასკნელისთვის შემბოჭველ ხასიათს ატარებს. გარდა ნეგატიური უფლებებისა, არსებობს პოზიტიური უფლებებიც, კერძოდ, რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოს ინდივიდს, მაქსიმალურად განახორციელოს საკუთარი უფლებები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების სფერო. მაგალითისთვის, ინდივიდის სიცოცხლის უფლება, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მეშვეობით ეს სიკეთე დაცულია სახელმწიფოსა თუ სხვა პირის მიერ ხელყოფისგან (ნეგატიური უფლება), ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია საჭირო ღონისძიებები თუ ზომები მიიღოს ამ უფლების უზრუნველსაყოფად (პოზიტიური უფლება), რაც მოიცავს სისხლისსამართლებრივი ნორმებისა და შესაბამისი საგამოძიებო პროცედურების (სისხლისსამართლებრივი დევნის) ინსტიტუტის არსებობას, ასევე ჯანდაცვას, სოციალურ დახმარებას, რათა შესაძლებელი იყოს ჯანმრთელობისა და, შესაბამისად, სიცოცხლისთვის საჭირო რესურსებით მომარაგება (საკვები, წყალი, თავშესაფარი, სამოსი და სხვა).

აქედან გამომდინარე, სწორედ პოზიტიური და ნეგატიური უფლებების ერთობლიობა და თავისუფლების საზღვრები, რომლებიც გამოიხატება კანონმდებლობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით, იძლევა საშუალებას (გარანტიას) ყოველი ინდივიდისთვის, რომ მაქსიმალურად, ინტერესთა თანაბარი გათვალისწინების საფუძველზე, განახორციელოს საკუთარი ბუნებითი უფლებები. ჩემი აზრით, ყოველგვარი შეზღუდვის არსებობის გარეშე თავისუფლება თანაბრად არ გადანაწილდებოდა თითოეულ ინდივიდზე და, შესაბამისად, დაისადგურებდა ბუნებითი მდგომარეობა, ქაოტური შეუზღუდავი თავისუფლება, რომელიც არასტაბილური იქნებოდა და თავისუფლების კუმულაციას მოახდენდა გარდამავალ ერთეულ ინდივიდებზე. შესაბამისად, საჭიროა კანონმდებლობა გარკვეულწილად ბოჭავდეს თითოეულ ადამიანს ისევ თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, რათა ყველამ ინდივიდუალურად ისარგებლოს მაქსიმალური თავისუფლებით და სწორედ ამიტომ გვევლინება იგი ამის გარანტად.

ზურაბ გადელია

Absolutely free?

17.04.2021

  ცოდნა , შრომა , თავისუფლება - ეს  ფრაზა ალბათ ყველა ადამიანისათვის ცნობილია ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი თავისუფალ უნივესიტეტში.  ამ ფრაზის ინსპირაციით   დავიწყე ცოდნის შეგროვება , ასევე შრომა მიზნის მისაღწევად.  რაც შეეხება თავისუფლებას , ამ სიტყვაზე დიდი ხანი ვფიქრობდი ...

  დილას გაღვიძებული გავედი ხმაურიან ქალაქში . შემხვდა ხილ-ბოსტნეულის მაღაზია , დავინახე ულამაზესი და უმწვანესი ვაშლი , აი ისეთი კბილის პასტის რეკლამებში , რომ ჭამენ ხოლმე.   ჩავავლე ხელი და გზად გამოვიყოლე , ძალიან გემრიელი იყო - რატომაც არა , მე ხომ თავისუფალი ვარ  და რასაც მინდა იმას ავიღებ ...

   უიი იმ ბიჭს რა კარგი ქუდი ახურავს , ეს მე მინდა ... ბოდიში მეგობარო.   რასიზავ , თავისუფალ სამყაროში ვცხოვრობთ.

  ავტობუსში  რომ ავედი არასასიამოვნო ხმაური იყო, ჩემს გვერდით მჯდომს დიდხმიანი ტელეფონი ჰქონდა , აი ისეთი ხმა იყო ადრე ჩინურ ტელეფონებს რომ ჰქონდა  და რაღაც უკიდურესად შემაწუხებელ მელოდიას უსმენდა. მიუხედავად იმისა , რომ ყველა მგზავრი შევწუხდით ის თავისუფალი ადამიანია , რასაც უნდა იმას იზავს და მოუსმენს. თუმცა , მოიცა მეც ხომ თავისუფალი ვარ ? მისი სიმღერები,  რახან მაღიზიანებს ისიც ხომ შემიძლია ტელეფონი წავართვა და უჟმური მძღოლის ფანჯრიდან გადავაგდო ? კი შემიძლია , მაგრამ არ ვიზავ, კეთილი გული მაქვს.

  ავტობუსის მძღოლი მეტად ბრაზიანი ადამიანი ჩანს, თუ დიდხმიანი ტელეფონის პატრონი უკეთესს სიმღერას არ ჩართავს , მძღოლი გაბრაზდება და რასაც, უნდა იმას იზავს , ის ხომ თავისუფალია და ალბათ ავტობუსიდან ტელეფონს კიარა თვითონ მგზავრს გადააგდებს .

 

   ეს სცენარი იქნებოდა სრულიად ნორმალური ყოველდღიურობის ამსახველი მხოლოდ იმ შემთხვევაში , როცა თავისუფლება იქნებოდა აბსოლუტური ხასიათის.  ჩვენდა საბედნეროდ ეს ასე არ არის და იმისთვის , რომ ვიღაცამ ავტობუსიდან არ გადაგაგდოთ სიმღერის მოსმენის გამო , თითოეული მოქალაქე გავიღებთ რაღაცას კომპრომისის სახით , რახან შეიქმნას კანონი. მაგალითად , მე ძალიან მინდოდა ის ვაშლი თუმცა თუ მილს დავუჯერებთ , თავისუფლება იქ მთავრდება , სადაც ჩვენი ქმედებით სხვა ზიანდება. ანუ ჩემი კუჭის დანაყრებით , ზარალდებოდა ხილ - ბოსტნის მეპატრონე , რომელსაც მე მის კუთვნილ პროდუქტს ვპარავდი.

  იმისთვის , რომ შეიქმნას უსაფრთხო და მშვიდი საზოგადოებას  და ასევე დაცული იყოს ადამიანების თავისუფლება , საჭიროა სწორედ თავისუფლების რაღაც დოზით შეზღუდვა.   კანტის აზრიც გავს მილის არგუმენტს, რაც თავისუფლების ბარიერად მოიაზრებს იმ ზღვარს , სადაც ხდება სხვისი თავისუფლების შელახვა.  ანუ ადამიანი თავისუფალი იმ ქმედებაში , რაც არ ზღუდავს და აზარალებს სხვას.

 სწორედ ასეთი ფორმა აქვს თავისუფლებას სამართალში, იგი არა არის აბსოლუტური ხასიათის. კანონს აქვს უდიდესი მოვალეობა იმისა , რომ დაარეგულიროს ადამიანის თავისუფლება და საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესი ისე , რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური.  ჩვენი თავისუფლების რაღაც ნაწილის დათმობით, ჩვენ ვიგებთ თავისუფლების ჩარჩოებს. ვიცით , რომ ავტობუსიდან ვიღაცის გადაგდება არ არის თავისუფლების გამომხატველი ქმედება და ამის გამო დავისჯებით. კანონის როლი სწორედ ეს არის , იგი თანაარსებობს თავისუფლებასთან და არეგულირებს ჩვენს ქმედებებს . კანონი გვეუბნება თუ , რომელი გამოხატულება თავისუფლების არის დაშვებული და  თუ რომელი ქმედება არის ის , რომელზეც ჩვენ , ხალხმა  საერთო ინტერესებისთვის უარი ვთქვით , რისი ჩადენაც უკვე დანაშაულია და არა თავისუფლება.

  მოკლედ  რომ შევაჯამოთ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ადამიანებმა საკუთარი ნებით დავთმეთ თავისუფლების რაღაც ნაწილი , იმისთვის  რომ დავიცვათ საზოგადოება ქაოსისაგან და შევძლოთ ერთმანეთთან მშვიდად თანაცხოვრება.  ამიტომ , კანონის თვითმიზანი არა თავისუფლების შეზღუდვა , არამედ მისი დაცვაა.

ვახტანგი ფაცაცია

პანდემია, თავისუფლება და კანონი

17.04.2021

თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახდა. მოცემული მიზანი განპირობებულია მრავალწლიანი ისტორიული კონტექსტით, რომელმაც განსაზღვრა ადამიანის უფლებებისადმი მსგავსი დამოკიდებულება. სახელმწიფოების თავდაპირველი შექმნის იდეა სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ადამიანები გრძნობდნენ თავისუფლებას, მაგრამ მათ ამ თავისუფლების განსახორციელებლად დასჭირდათ ხელისუფლება. ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენია ის, რომ თუ თავისუფლები ვართ ამ უკანასკნელის განსახორციელებლად რატომ გვჭირდება თავად თავისუფლების შესზღუდვა ხელისუფლებისა და კერძოდ კანონების მეშვეობით. მაგრამ ამავდროულად მარტივი მისახვედრია ის, რომ უკონტროლო თავისუფლება საბოლოოდ უდიდეს აურზაურში გადადის, რაც ხშირად თავად ამ თავისუფლების არალეგიტიმური ჩამორთმევით ან შეზღუდვით სრულდება. ჩემი აზრით, ადამიანებს რომ აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდეთ, შესაძლოა მათ ერთმანეთს საერთოდაც მოუსპონ ყველანაირი თავისუფლების განხორციელების ბერკეტი ან საერთოდაც დახოცონ ერთმანეთი. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ხნის წინ საზოგადოება მიხვდა, რომ საჭირო იყო კანონისმიერი შეზღუდვები თავისუფლების, რასაც საბოლოოდ უკეთესი შედეგი უნდა გამოეწვია.

ადამიანის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. სწორედ ამ უკანასკნელი სიკეთის დაცვას ემსახურება მსოფლიოში და ასევე საქართველოში გატარებული სხვადასხვა რეგულაცია კოვიდ პანდემიის პირობებში. მაგალითად განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც საქართველოში აიკრძალა ყოველგვარი კაფე-ბარის ფუნქციონირება, შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება და კიდევ სხვა ბევრი შეზღუდვა დაწესდა . მოცემულმა შეზღუდვებმა უამრავი ადამიანის უფლების განხორციელების არეალი შეავიწროვა, რომლის ლეგიტიმურ მიზნადაც დასახელდა, როგორც უკვე აღვნიშნე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ერთი შეხედვით, შეიძლება ადამიანს ის კითხვა გაუჩნდეს, რომ მეც ისეთივე გონიერი არსება ვარ, როგორიც თუნდაც ისაა, ვინც ამ უფლებას მიზღუდავს და მაშინ რატომ არ შემიძლია ჩემით განვსაზღვრო რესტორანში ვიარო თუ რომელი ტრანსპორტით ვისარგებლო. ეს მართლაც ლოგიკური შეკითხვაა, მაგრამ მსგავსი რამის უფლება, რომ ჰქონდეს თითოეულ ადამიანს ასევე სრულ ქაოსს მივიღებდით და თუნდაც მოცემულ შემთხვევაში კოვიდ-19 ან უფრო მომაკვდინებელი ვირუსი ისე გავრცელდებოდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვლებოდა. ასევე აქ ის დაშვებაც არის, რომ საზოგადოების ყველა წევრი გამომდინარე სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობებიდან, ვერ მიიღებს ყოველთვის რელევანტურ და ხელსაყრელ გადაწვყეტილებას მსგავსი ან სხვაგვარი პრობლემის აღმოსაფხვრელად. სიტუაცია, რომელიც მე აღვწერე და დღევანდელ რეალობაში გვაქვს ნათლად ასახავს იმას, რომ თავისუფლების ფარგლების შემომსაზღვრელი არის სწორედ კანონი. ვფიქრობ, რომ მოცემული კანონი, რომლითაც ჩვენივე თავისუფლებას ვიზღუდავთ, გარკვეულწილად ჩვენი მიღებულიცაა. პირველი, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგიფუსათვის მიგვეცა პრივილეგია, რომლის ფარგლებშიც ისინი შეგვიზღუდავენ თავისუფლებას და მეორე, ამ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს თავად ვირჩევთ და ვაკომპლექტებთ დემოკრატიული საზოგადოების ფარგლებში.ასე რომ არ გამოვიდეს, რომ ვემხრობი ყოველგვარი უფლების შეზღუდვას, რომელსაც რელევანტური ახსნა არ აქვს ან ეს ახსნა არაგონივრულია, ვიტყვი, რომ კანონი არ არის თავისუფლების შეზღუდვის ამგვარი არაგონივრული მიზნებისათვის შექმნილი რამ.

ისიც უნდა ითქვას, რომ კანონის ფარგლებში უფლების მხოლოდ შეზღუდვა არ ხდება. არის გარკვეული სახის შემთხვევები, როდესაც კანონით ადამიანს უფართოვდება თავისუფლების არეალი იმასთან შედარებით რაც ადრე ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, აქაც გამოდის, რომ მაინც ფორმირებულია გარკვეულწილად თავისუფლება ინდივიდის. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კანონი ვერასდროს გააფართოებს თავისუფლების არეალს, რადგან ამის გაფართოება ისედაც არაფერს შეუძლია. თავისუფლება რადგან თავისი შინაარსით ყველანაირ თავისუფლებას გულისხმობს კანონი ვერ მომცემს ისეთი რამის ნებას, რისი ნებაც მე უკვე არ მაქვს თანდაყოლილად. როგორც უკვე აღვნიშნე, კანონს მხოლოდ შეუძლია შემომიფარგლოს საზღვრები თუ როდის და როგორ შემიძლია ვისარგებლო ჩემი თავისუფლებით.

საბოლოოდ, შეილება ითქვას, რომ პანდემიის პირობებში გატარებული რეგულაციები კანონის მიერ თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი მაგალითია, რასაც სწორ და საუკეთესო შემთხვევაში საზოგადოებისათვის სიკეთის მოტანა შეუძლია. ზოგადად კი შეილება ითქვას, რომ თავისუფლებისა და კანონის ურთიერთ კავშირი შეიძლება იყოს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შედეგის გამომწვევი.

 

რევაზ ხულუზაური

საარჩევნო უფლება

17.04.2021

კანონი თავისი შინაარსით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, შეიძლება კანონების ნაწილი ადამიანებს გარკვეულ თავისუფლებებს ანიწებდეს, ნაწილი კი პირიქით, უზღუდავდეს გარკვეული ქმედებების განხორციელებას, და მეტიც, ხდებოდეს ადამინის თავისუფლებაში ჩარევა. ამ ბლოგში უნდა ვისაუბრო ისეთ კანონზე, რომელიც, ერთი შეხედვით, წარმოადგენს ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი უფლების მიმნჭებელ კანონს, მაგრამ, მეორეს მხრივ, შეიძლება იწვევდეს სხვა ადამიანების თავისუფლების დარღვევას. აღნიშნული თემა შეეხება საარჩევნო უფლებას.

საარჩევნო უფლება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რაც ადამიანებს აქვთ მინიჭებული სახელმწიფოსაგან. საარჩევნო უფლების საყოველთაობის მიზანი და იდეა არის ის, რომ ყველა ადამიანს ქონდეს თავისუფლება აირჩიოს სასურველი წარმომადგენელი, რომელიც შეძლებს მათ მაგივრად მათთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას და მაქსიმალურად შეეცდება, რომ ხალხის სათქმელი გააჟღეროს ხმამაღლა. ამასთანავე მონაწილეობა მიიღოს კანონების ფორმირებაში, სადაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ამომრჩევლის ინტერესები.

ცხადია, საარჩევნო უფლება ყველა ჩვენგანს კანონის საფუძველზე გვაქვს მონიჭებული, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უფლება, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, ეს იმას არ ნიშნავს რომ თანდაყოლილია, ამიტომაც საჭიროა რომ კანონით გვქონდეს მონიჭებული ეს მეტად მნიშვნელოვანი უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ხალხის მმართველობის განმახორციელებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ამის მიუხედავად ხშირია შემთხვევები, რომ ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილის ხმა იკარგება და შესაბამისად მათი მიზნები, იდეები და მისწრაფებები განუხორციელებელი რჩება იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ხმებით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, რადგან მათი ხმა უბრალოდ დაიკარგა. უნდა აღინიშნოს რომ არსებობს მაჟორიტარული, პროპორციული და შერული საარჩევნო სისტემები, თითოული მათგანი დადებითი და უარყოფითი თვისებებით ხასიათდება,  მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ვერცერთი მათგანი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა იქნას გათვალისწინებული, და როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ არჩევნებში დიდია ალბათობა იმისა, რომ ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილის ხმები დაიკარგოს. დაკარგულ ხმათა რიცხვი შეიძლება 70%-საც კი აღემატებოდეს. ერთგვარი დილემაც სწორედ აქ შეიძლება წარმოიშვას, რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს ის, რომ როდესაც ადამიანებს კანონითვე აქვთ მინიჭებული ეს უფლება, ვერ ხდებოდეს მისი სრულად რეალიზება საზოგადოებაში, რაც შესაძლოა იწვევდეს ადამიანების თავისუფლების გარკვეულ შეზღუდვას, რასაც ქვემოთ ავხსნი. რეალურად იმ ადამიანთა ხმები, რომლებიც დაიკარგა, ასე რომ ვთქვათ, რჩებიან საკუთარი წარმომადგენლის გარეშე, რომელსაც უნდა ეზრუნა აღნიშნული პირების უფლებების დაცვაზე, მას უნდა შეეტანა წვლილი ახალი კანონების მიღებასა თუ უკვე არსებული კანონების დაუბრკოლებლად აღსრულებაში და მოცემულ შემთხვევაში კი საპირისპირო შედეგი დადგა. საარჩევნო უფლების მქონე პირთა უდიდესი ნაწილის ხმები დაიკარგა.

რომ ავიღოთ თუნდაც ფარდობითი უმრავლესობის, აბსოლიტური უმრავლესობის, ერთი არაგადაცემადი ხმის, ლიმიტირებული, ბლოკური და თუნდაც პრეფერენცირებული სისტემები, ვერცერთი ზემოთხსენებული ვერ ახერხებს იმას, რომ ასახოს რეალურად არსებბული ხმების ზუსტი წარმომადგენლობა, რაც ცხადია გულისხმობს იმას, რომ უამრავი ხმა იკარგება.

ვფიქრობ, რომ ამ შემხვევაშიც კანონი რომელიც ასეთი სახის საარჩევნო სისტემებს სთავაზობს ამომრჩევლებს, გარკვეულწილად უზღუდავს ამომრჩეველთა ნაწილს თავისუფლების უფლებასაც, ვინაიდან მათი უფლებაა აირჩიონს საკუთარი წარმომადგენელი წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც იზრუნებს რომ მათ უფლებები და თავისუფლებები იყოს აღიარებული, არ მოხდეს მათი შელახვა. აქდან გამომდინარე, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ასეთი საარჩევნო სისტემები, რომლებიც კანონითვეა დარეგულირებული თავისუფლად შეიძლება ზღუდავდეს ადამიანთა თავისუფლებას, რადგან ვერ მოახდინონ საკუთარი წარმომადგენლის არჩევა, რომელიც იზრუნებდა წარმოდგენილი ხალხის თავისუფლებების დაცაზე.

ნინო დოლიშვილი

the law of rules

17.04.2021

ჰაიეკი ამბობდა, რომ ლიბერალებმა დაივიწყეს, რომ თავისუფლება რთული პოლიტიკური ტრადიციის ნაწილია. მან ჩამოაყალიბა კანონის უზენაესობის ორი კონცეფცია, რომელთაგანაც მეორეს მიზანია ამ სირთულის გათვალისწინება. ნათქვამია, რომ კანონის უზენაესობა სოციალური ევოლუციის პროდუქტია და "ის არ გაიმარჯვებს, თუ ის საზოგადოების ზნეობრივი ტრადიციების ნაწილს არ წარმოადგენს, საერთო იდეალს, რომელსაც უმრავლესობა უზიარებლად მიიღებს".  მისი ფუნქციაა როგორც მთავრობის იძულებითი, ასევე მომსახურეობითი მოვალეობების განსაზღვრა. კანონის უზენაესობის შესახებ II კონცეფცია არსებობს, ესენია:

თავისუფლება, იძულება, სამართლიანობა და კანონმდებლობა თან ახლავს კანონის უზენაესობას. თავისუფლება აღარ არის ძირითადი წესი; ჰაიეკის თავისუფლების აღქმა კანონის თანახმად, ახლა "ეყრდნობა იმას, რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ კანონებს, ზოგადი აბსტრაქტული წესების გათვალისწინებით, რომლებიც განისაზღვრება ჩვენთვის, მათი მოქმედების მიუხედავად, ჩვენ არ ვექვემდებარებით სხვის ნებას". ჰაიეკი არ ახდენს იძულების განსაზღვრას, მაგრამ გადააქცევს თავის საზრუნავს სახელმწიფო იძულებიდან თვითნებურ სახელმწიფო იძულებად, იძულებითი საქმიანობა, რომელიც ლიცენზირებულია საჯაროდ ცნობილი წესებით. სამართლიანობა ახლა ითხოვს უპირველეს ყოვლისა, რომ სახელმწიფომ "თავის მოქმედების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ზოგადი პრინციპებით".  სამართალი არსებითად აღარ არის “nomos”. იურიდიული წესი ან პრინციპი ითვლება ჭეშმარიტ სამართლად, თუ ეს არის " ცნობილი და გარკვეული ", ზოგადი ან აბსტრაქტული - რომელიც, შედგება უფრო მეტი წესისაგან, ვიდრე კონკრეტული ბრძანებებისაგან; და თანაბრად ვრცელდება ყველაზე, ან, როდესაც ის განსაზღვრავს გარკვეულ ჯგუფს, სახეზე სრულებითაც აღარ გვაქვს კანონის უზენაესობა. 

 

ფაქტობრივად გვაქვს ორი ძირითადი ნიშანი, რომლითაც ჰეიკი ერთმანეთისგან გამოყოფს განსხავებას იძულებითი და სამსახურებრივ საქმიანობას შორის. პირველი აუცილებელი, ყველა სახელმწიფოს იძულების მექანიზმები ლიცენზირებულია ზოგიერთი საჯარო წესით. იგი, როგორც ჩანს, საშუალებას აძლევს უმეტესობას იძულებითი მოქმედებების, გადანაწილების, პატერნალისტური და / ან მორალისტური მოქმედებების განხორციელებისა, სტაბილური წესების სამართლებრივი საფუძვლით.

მიუხედავად ამისა, მას სჯერა, რომ ეს პრინციპი აღწევს წონასწორობას თავისუფლებასა და სახელმწიფოს ტრადიციულ არალიბერალურ ფუნქციებს შორის. ამბობენ, რომ ზოგადი ან აბსტრაქტურობის მოთხოვნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნათელ წარმოდგენას გვაძლევს იმ გარემოებებში, თუ რა პირობებში გვაქვს სახელმწიფო იძულება და/ან ადგილობრივი ცოდნის გამოყენების პროგნოზირებადი გარემო.  ჰაიეკი აღიარებს, რომ ეს თავისთავად არ იძლევა ინდივიდუალური თავისუფლების ფართო სპექტრს. მაგრამ, მისი თქმით, კანონები, რომლებიც ყველას ეხება, გაცილებით ნაკლებად მჩაგვრელი იქნება, ვიდრე ის კანონები, რომლებიც ცალკეულ ჯგუფებს გამოყოფენ.

 

გიორგი ქესაური

კანონი, როგორც თავისუფლების შეზღუდვის საუკეთესო ბერკეტი

17.04.2021

თავდაპირველად დავიწყებ საუბარს იმით, თუ რას ნიშნავს კანონი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანონპროქეტი რომ შემდგომში კანონად იქცეს და ასევე რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ვისაუბრებ, თუ რამდენად ეფექტური ბერკეტია კანონი ადამიანთა თავისუფლების შესაზღუდად.

კანონი, ეს არის სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებს. თანამედროვეობაში არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებსაც კანონი უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია : განჭვრეტადობა, საჯაროობა, თანასწორობა და რაციონალურობა, იმ შემთხვევაში თუ კანონი აკმაყოფილებს ზემოთხსენებულ კრიტერიუმებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მართლაც მიმართულია ადამიანთა უფლებების და თავისულების დასაცავად, მაგრამ დღევანდელობაში ვფიქრობ, ძალიან საკამათოა იმის თქმა, რომ კანონები, რომლებიც ბოლო დროს იქნა მიღებული აკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ სტუარტ მილი ამბობდა: ,, ადამიანები მიხვდნენ, რომ მტაცებელთა მეფეს ფარაზე ნადირობის არანაკლები მიდრეკილება ექნებოდა, ვიდრე სხვა წვრილფეხა მტაცებლებს, ამიტომაც საჭირო იყო მისი ნისკარტისა და ბრჭყალებისაგან თავის დასაცავად მუდმივი სიფხიზლე“. როგორ შეგვიძლია გავიგოთ მილის ეს სიტყვები და რა კავშირი აქვს მას დღევანდელ რეალობასთან ? ფაქტია, რომ ძალაუფლება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ხალხისგან არის ბოძებული, იმ მიზნით, რომ დაცული იყოს საზოგადოების თითოეული წევრის უფლებები და ინტერესები, მაგრამ თუკი სახელმწიფო თავადვე იძულების მექანიზმით ჩაგრავს და თავისუფლებას უზღუდავს ხალხს, რისთვისაც იყენებს კანონს, რომელიც საზოგადოების უმეტესობის აზრით, არც რაციონალურია, არც თანასწორი და არც საჯარო განხილვის შედეგად მიღებული, რა ბერკეტი გააჩნია საზოგადოებას, რომ აღკვეთოს ასეთი შემთხვევები და მაქსიმალურად გამოიყენოს ის თავისუფლებები, რაც მათ მინიჭებული აქვთ დაბადებიდან ?!  ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა კარლ იასპერსმა თქვა: ,, ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები“, მაგრამ რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი უფლებები იზღუდება იქ, სადაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ინტერესებთან ?! ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემა ძალიან აქტუალურია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადამიანს, გარდა გარკვეული ნიშნით პრივილეგირებული ადამიანებისა, ეკრძალება გადაადგილება 9 საათის შემდეგ ე.წ ,,კომენდანტის საათის“ გამო, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ კანონი ყოველთვის არ არის საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში და შესაძლოა ის გარკვეული პირების მხრიდან გამოყენებული იყოს მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის, რაც ჩემი აზრით, არასამართლიანია და საჭიროებს რეგულირებას.

შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ კანონები აუცილებელია ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, თუმცა მიმაჩნია, რომ გარკვეული პირების მხრიდან კანონები არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ერთგვარი ბერკეტი ადამიანების უფლებების შეზღუდვისა ლეგიტიმუტი მიზნის გარეშე, ცხადია, რომ ყველა კანონი ვერ იქნება ისეთი, რომელსაც ყველა ადამიანი დაიცავს, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანების სურვილები და მიზნები წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, ასეთ დროს მიმაჩნია, რომ აუცილებელია სხვათა უფლებათა დასაცავად მოხდეს კონკრეტული ადამიანების თავისუფლებაში ჩარევა და დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა, მაგრამ ცალსახაა, რომ არსებობს ისეთი კანონები, რომლებიც თავადვე არაკანონიერია და მიზანმიმართულია არა საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, არამედ კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის კეთილდღეობისთვის.

ანა ტაბატაძე

პიროვნების თავისუფლებისა და საერთო კეთილდღეობის დაპირისპირება

17.04.2021

ყველა ადამიანს თავისუფლება ბუნებრივად გააჩნია. ამავდროულად, ყველა მათგანს გააჩნია მოთხოვნილებები, რომელთა დასაკმაყოფილებლად ისინი თავისუფლად და დამოუკიდებლად იბრძვიან. თუმცა პრობლემა ჩნდება იქ, სადაც ინდივიდთა ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მათი თავისუფლების ფარგლებში განხორციელებული ქმედებები კი ერთმანეთს გზაზე ეღობება.

გარდა ცალკეულ პირთა ინტერესებისა, საზოგადოებაში არსებობს ისეთი ცნებაც, როგორიცაა საერთო კეთილდღეობა და ხშირად, ადამიანის მოქმედებები საერთო კეთილდღეობის იდეას ეწინააღმდეგება. პიროვნების მოთხოვნილება შეიძლება მას უბიძგებდეს ისეთი ქმედებისკენ, რომელიც სხვისი თავისუფლების სფეროში იჭრება და ლახავს მას. საერთო კეთილდღეობა შეიძლება განვმარტოთ როგორც საზოგადოებაში ისეთი ზოგადი პირობების არსებობა, რომელიც ყველა მისი წევრისათვის თანაბრად სასარგებლოა. საერთო კეთილდღეობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ ამ პირობათა განსახორციელებლად არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი და სოციალური ინსტიტუტები. ლოგიკური იქნებოდა, რომ ყველა ინდივიდი აღიარებდეს ამგვარი სისტემის არსებობას, რადგან ამ პირობების არსებობით ისინიც მიიღებენ სარგებელს, თუმცა ეს ასე არ არის და საერთო კეთილდღეობის იდეა ხშირად იწვევს დავას.

პირველი და ძირითადი პრობლემა არის ის, რომ საერთო სიკეთის იდეა პლურალისტულ საზოგადოებაში ყველას ერთნაირად არ ესმის. ინდივიდთა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი სხვაგვარად აღიქვამს იმას, თუ რა არის მისთვის სასარგებლო და რა - არა. აქედან გამომდინარე, რთულია ისეთი სამართლებრივი სისტემის მიღება, რომელზეც მთელი საზოგადოება შეთანხმდება. თუნდაც საზოგადოება შეთანხმდეს, რომ რაღაც ღირებულება არსებობს, სადავო იქნება ამ ღირებულების ფასი საზოგადოების თითოეული წევრისათვის. კონსტიტუციით, რომელიც საზოგადოების საერთო ნებას გამოხატავს, განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება ასევე მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, დასაქმდეს მისთვის სასურველ სამსახურში, თუმცა საზოგადოებისთვის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, როგორც ღირებულება, მეორე საფეხურზე გადადის, როცა ის საზოგადოების მორალს ეჯახება, მაგალითად პროსტიტუციის შემთხვევაში. საზოგადოება ასევე თანხმდება, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა რა ხდება თუ ეს უფლება სხვა უფლებით დაცულ სფეროში იჭრება? მაგალითად, რა ხდება, როდესაც სხვისი გამოხატვის თავისუფლება მე რეპუტაციას მილახავს, ან ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს? რომელ ღირებულებას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

პრობლემაა ისიც, რომ ამგვარი საერთო სიკეთეების არსებობა აიძულებს ყველას, რომ იმოქმედონ რაღაც ისეთი იდეის მისაღწევად, რომელიც შეიძლება მათ საერთოდ არ სურდეთ. ეს აშკარად ზღუდავს მათ თავისუფლებას.

ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ იმ საზოგადოებას შორის, სადაც ადამიანები მზად არიან გაიღონ მოკრძალებული მსხვერპლი საერთო სიკეთისათვის ან სადაც ინდივიდები ეგოისტურად იცავენ საკუთარ ინტერესებს. მაშ, როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ საზოგადოებაში ინდივიდუალური თავისუფლება და საერთო კეთილდღეობა მაქსიმალურად მშვიდად თანაცხოვრობდნენ?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ ფართოდ გავრცელებული შეცდომები. კერძოდ, ინდივიდუალური თავისუფლება არ უნდა განვიხილოთ განყენებულად, ყველანაირი სოციალური ინსტიტუტისგან დამოუკიდებლად და რაც მთავარია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ საერთო კეთილდღეობისთვის ჩვენი თავისუფლების ნაწილის დათმობა ინდივიდუალურ თავისუფლებას ებრძვის. ანალოგიურად, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ საერთო კეთილდღეობის იდეა უზენაესია და მას ყველა ინდივიდის თავისუფლება სრულად უნდა შეეწიროს (ისტორიამ ცხადად გვაჩვენა, რომ ეს მექანიზმი არ მუშაობს).

სამართლებრივი სისტემის ფორმირების პროცესში, პიროვნების თავისუფლება უნდა განვიხილოთ ინდივიდის იარაღად, რომელიც ეხმარება მას სრულყოს საკუთარი თავი, სრულყოფილ ადამიანში კი იგულისხმება არსება, რომელიც არის გამჭრიახი, შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მისი მამოძრავებელი უნდა იყოს „საკუთარი ინტერესი, სწორად გაგებული“ და ინტერესის სწორად გაგება გულისხმობს, რომ მისი გააზრება არ უნდა მოხდეს საზოგადოების ინტერესებისაგან მოწყვეტილად.

როგორც ვაჟა-ფშაველა „რა არის სამართალში“ წერდა: “ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას.“ ერთობა, საერთო კეთილდღეობა ვერ იარსებებს თავისუფლების გარეშე, ხოლო მეორე მხრივ, თავისუფლებაც ვერ იარსებებს სამართლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ პიროვნების თავისუფლება არ არის მოწყვეტილი ერის კეთილდღეობისგან, რადგან სწორედ ასეთი სახელმწიფო უზრუნველყოფს შემდგომში ჩვენი თავისუფლების განხორციელებას.

საბოლოოდ, როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს თავისუფლებას? პასუხი ისაა, რომ ამ თავისუფლებით უნდა განვავითაროთ საკუთარი პიროვნება, ვეცადოთ მის სრულყოფას. ჩამოყალიბებული და სრულყოფილი ინდივიდები კი საბოლოო ჯამში ქმნიან ისეთ საზოგადოებას, რომელიც შემდეგში ჩვენივე თავისუფლებას დაიცავს.

გვერდები

ბლოგის ავტორები